13.10.2020

5 სერიალი, რომელიც უცხო ენის შესწავლაში დაგეხმარებათ

blog-article-image-one.jpg

უცხო ენის შესწავლა… მახსენდება გრამატიკის წიგნის “ცხრატომეული”, საინტერესო თუ უინტერესო დავალებების უსასრულოდ წერა, წესებისა და გამონაკლისების სრულყოფილად ცოდნა...

და მაინც, შესაძლოა, საჭირო დრო, საჭირო სიტყვები ვერ იპოვო… 

გიფიქრიათ იმაზე, რომ სკოლაში უცხო ენის 11 წლიან სწავლაზე უფრო ეფექტური საზღვარგარეთ თუნდაც 3 თვე ცხოვრებაა? ამის მიზეზი სწორედ სმენითი მეხსიერების განვითარებაა. სიტყვების მარაგი ადამიანს, პირველ რიგში, სმენით უგროვდება.

სწორედ ამიტომ, შევეცდები დაგეხმაროთ და “კარანტინის” პირობებში შემოგთავაზოთ განტვირთვისა და ამავე დროს, შემეცნების ძალიან კარგი საშუალება - ამერიკული სიტკომების ყურება. “სიტკომები” (“სიტუაციური კომედიები”/situational comedies) ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 20 წუთიანი კომედიებია, რომლებიც მსმენელს საკომუნიკაციოდ საჭირო ყველაზე აუცილებელი ფრაზებით, ტერმინებითა თუ იდიომებით გულუხვად ამარაგებს. 

სამეტყველო ინგლისურის შესასწავლად ამაზე მარტივი გზა, უბრალოდ არ არსებობს. რაც მთვარია, ამგვარად საშუალება გეძლევათ გაიგოთ, თუ როგორ ლაპარაკობს ხალხი რეალურად, შორს ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებისგან.

Friends / მეგობრები

პირველ ადგილს ჩემს სიაში გახმაურებული ამერიკული სიტკომი - “მეგობრები” იკავებს. მანჰეტენის ქუჩებში წარმოქმნილი მეგობრობის ძალიან ლამაზი და სახალისო ისტორიები დაგანახებთ ნამდვილ “ამერიკულ იუმორს”. 

რაც მთავარია, არ გჭირდებათ დროებისა თუ ვნებითი გვარის ცოდნა, რათა ეს ყველაფერი სწორად აღიქვათ. დასაწყისისთვის ეს სიტკომი ყველაზე მეტად გამოგადგებათ, რადგან სხვებთან შედარებით აქ მსახიობები გაცილებით ნელა და გარკვევით საუბრობენ. 

თუ თავდაპირველად მაინც გაგიჭირდათ დიალოგების აღქმა, ნებისმიერ ქართულ საიტზე შეგიძლიათ მოიძიოთ “მეგობრები” ტიტრებით, ან ქართული გახმოვანებით და მხოლოდ კონკრეტული, გაუგებარი მონაკვეთი მოისმინოთ (პირადად მე, ტიტრებით ყურებას არ გირჩევდით, რადგან ამ დროს მთელი თქვენი ყურადღება გადატანილი იქნება სუბტიტრის წაკითხვაზე, და არა მოსმენილის აღქმაზე.)

“მეგობრები” გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ თითქმის ყოველ სერიაში ეპიზოდურად ჩნდებიან ჰოლივუდის აღიარებული მსახიობები, რაც სერიალს უფრო საინტერესოს ხდის. 

P.s. სხვათაშორის, ბრეტ პიტმა თავისი პირველი (და ყოფილი) მეუღლე, ჯენიფერ ენისტონი, სწორედ “მეგობრების” გადაღებაზე გაიცნო და აქედან გაჩაღდა მათი სასიყვარულო ისტორიაც.

That’ 70s Show / სამოცდაათიანების შოუ

ეს სახალისო და ამავდროულად, ძალიან რეალისტური სიტკომიც არაჩვეულებრივია ინგულისური ენის ასათვისებლად. სიტუაცია 70-იანების ამერიკაში ხდება, ჰიპებისა და როკის ბუმში. 

დიალოგები გაჯერებულია ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი სიტყვებითა თუ ფრაზებით. რაც მთავარია, აქ დაინახავთ, თუ როგორ სასაცილო “შეცდომებს” უშვებენ საუბრისას ის ადამიანები, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. ამის თვალსაჩინოებისთვის რეჟისორმა სახმრეთ ამერიკელი პერსონაჟიც შექმნა, რომელმაც, მართალია, ინლისური გრამატიკა სხვებზე უკეთ იცის, თუმცა საუბრის… რა მოგახსენოთ.

P.s. ეშტონ კაჩერმა თავისი მეუღლე, მილა კუნისი სწორედ ამ სერიალის გადაღებებზე გაიცნო და მათ შორის წრფელი მეგობრობა ჩამოყალიბდა, რაც მოგვიანებით სიყვარულშიც გადაიზარდა.

How I met your mother / როგორ შევხვდი დედათქვენს

სიმბოლოებით დატვირთული ეს სიტკომი გამორჩეულად მიყვარს თავისი განსხვავებული სიუჟეტისა და ორიგინალური გადაღების გამო. სიტუაცია 2030 წლის ამერიკაში ხდება, სერიალის მთავარი გმირი- ტედი კი ვიდეო ჩანაწერის საშუალებით თავის შვილებს 2005 წლის ამერიკული ცხოვრების ისტორიებს უყვება. ამ ისტორიებს მაყურებელი სერიების მეშვეობით ეტაპობრივად ეცნობა და ბოლო სერიამდე ვერ იგებს სინამდვილეს.

ინგლისურის შესასწავლად ეს სიტკომი განსაკუთრებით კარგია, რადგან აქ პერსონაჟთა დიალოგებს გარდა, გამუდმებით გვესმის ტედის მონოლოგები, შეჯამებები თუ მოვლენების ახსნა, რაც მაყურებელს “აიძულებს” ყოველ წუთს უსმინოს, უსმინოს და ისევ უსმინოს. 

The office / ოფისი

„ოფისი“ სხვა სიტკომებთან შედარებით, ალბათ, ყველაზე სერიოზულია. აქ ვითარება ოფისში ვითარდება, სადაც ათასობით დასაქმებულს შორის მთავარ გმირებს არაერთი სკანდალისა თუ შიდა დაძაბულობის გადალახვა უწევთ. ეს სიტკომი ინგლისურის შესასწავლად კარგია იმ მხრივ, რომ ის საოფისე გარემოში საჭირო ფრაზებს აგათვისებინებთ, აგრეთვე, ამერიკულ ფრთიან ფრაზებს ჩაგიბეჭდავთ თავში.

The big band theory / დიდი აფეთქების თეორია

და ბოლოს, ამერიკული სიტკომების გვირგვინი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული - “დიდი აფეთქების თეორია”. ბოლო ლუკმა ყველაზე გემრიელიაო, ხოდა მეც ბოლოსთვის შემოგინახეთ (თუმცა აქ ენობრივი სირთულეც გასათვალისწინებელია). ზემოთმოყვანილი სიტკომებიდან “დიდი აფეთქების თეორია” ყველაზე რთულია მოსასმენად მათთვის, ვისაც ინგლისურში გაწაფვა სურს. ეს ხომ ამერიკულ კამპუსში მოღვაწე ოთხი მეცნიერის ყოველდღიურობას ასახავს. ალბათ ყველას გვყოლია “უცნაური”, “რაღაცნაირი” და თანაც საოცრად ჭკვიანი სკოლელები, ხოდა ეს ისტორია მათ ეძღვნებათ.

საინტერესოა ის, რომ აუცილებელი არ არის ამ სერიალში ნათქვამი ყოველი სიტყვა გაიგოთ, რეჟისორის მიზანიც სწორედ ის იყო (რეალობაშიც ხომ ძალიან რთულია მეცნიერების ბოლომდე გვესმოდეს). შესაძლოა პერსონაჟმა წუთში 43 სიტყვა თქვას და მსმენელმა მხოლოდ 12 აღიქვას, თუმცა მთავარი ის არის, რომ ეს სერიალი უბრალოდ ინგლისურის მოსმენას შეგაჩვევთ, და ერთ დღესაც, თქვენც გაოცდებით, როდესაც აღმოაჩენთ, რომ შელდონისა თუ ჰოუვარდის მიერ  წარმოთქმულ სიტყვებს სულაც არ ჩაუვლიათ ისე, “ვითარცა მღაღადებელსა უდაბნოსა შინა”.

სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა.

ვიმედოვნებ, სამყაროს ამ რთულ ჟამს სიტკომებით თავს გაიხალისებთ და ენასაც დაეწაფებით.

eye-icon.svg

65158

chat-icon.svg

0

Author Admin