16.12.2020

5 იდეა აივნების გასაფორმებლად

blog-article-image-one.jpg

აივნებში ჩაკარგულ თბილისის ქუჩებს არაფერი უხდება ისე, როგორც გაზაფხული. ამ დროს ხომ ყველას საშუალება გვეძლევა, მანქანების ხმაურით აკლებულ ქალაქში პატარა, მაგრამ მშვიდი სამყარო შევიქმნათ განტვირთვისთვის. თუმცა, მხოლოდ თბილისს რატომ? საქართველოს ყველა კუთხე გამორჩეულია აივნების მოვლის კულტურით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, სიახლეები არასდროსაა ზედმეტი. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი იმ მარტივ ხერხებს, რომელთა საშუალებითაც შეგვეძლება ჩვენი კუთხე კიდევ უფრო ლამაზი გავხადოთ.

ნათელი ფერები

მოსახლეობის დიდი ნაწილი მრავალსართულიან ბინებში ვცხოვრობთ, აქ კი აივნები არც თუ ისე დიდია. ასეთ შემთხვევაში, გირჩევდით, რომ აივნის კედლები და ავეჯი რაც შეიძლება ღია და ნათელი ფერის შეარჩიოთ, რაც სივრცის იმიტაციას ქმნის.

აგრეთვე, თავი შეიკავეთ ძალიან დიდი ზომის მცენარეებისგან. სანაცვლოდ, გირჩევთ, ბევრი და მცირე ზომის ყვავილები განათავსოთ აივანზე. რაც უფრო მეტი განსხვავებული ფერის მცირე ყვავილი გექნებათ, მით უფრო გაახალისებთ გარემოს და შექმნით სივრცის ალუზიას.

მსუბუქი ავეჯი

თავი შეიკავეთ აივანზე შუშის მაგიდის, ნივთებისა თუ დეკორაციების დადგმისგან (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიდ დიღომში ცხოვრობთ!). ხუმრობა იქით იყოს, საქართველოში მართლაც არაპროგნოზირებადი ამინდებია - ახლა თუ მზის გულზე თბებით, შესაძლოა ნახევარ საათში ქარმა წაგიღოთ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ან ნოეს კიდობანს დაუწყოთ თვალებით ძებნა. ამიტომ, გირჩევთ, რომ აივანზე განათავსოთ რაც შეიძლება მსუბუქი და მარტივად ასალაგებელი (არავითარ შემთხვევაში - მინის) ავეჯი, რათა ამინდის უეცარი ცვლილებისთანავე შეძლოთ მისი მარტივად დაშლა და სახლში შეტანა. მე პირადად, გირჩვდით დაწნულ ხის მაგიდასა და სკამებს, ან დასაკეც ხის მაგიდას. ( აქვე გამოგიტყდებით, ბაგებში უეცრად ამოვარდნილ ქარს ჩვენი აივნის შუშის მაგიდა და სხვა ნივთების გადასარჩენად ატეხილ ფაცი-ფუცში - ჩემი ფეხის გული ემსხვერპლა… )

კარგი განათება

აივანი ის განსაკუთრებული ადგილია, სადაც განმარტოება და საყვარელ წიგნებსა თუ ფილმებში თავით გადაშვება დღე-ღამის ნებისმეირ მომენტში შეგიძლიათ, თანაც ისე, რომ თქვენმა შუქმა არავინ ააბუზღუნოს. სწორედ ამიტომ, კარგად უნდა შეარჩიოთ მისი განათება. ლამაზი განათება ხომ მეტ სიმყუდროვეს შესძენს გარემოს. პირველ რიგში, დააკვირდით თქვენი აივანი მზესთან როგორ მიმართებაშია.

თუ მზის პირდაპირი შუქი ეცემა, ეს მცენარეებსაც შეუშლის ხელს და არც თქვენთვის იქნება კომფორტული. ამ შემთხვევაში გირჩევთ გამოიყენოთ ნათელი ფერის მზისგან დამცავი გადახურვა. რაც შეეღება ღამის განათებას, შეარჩიეთ რბილი, თბილი ფერის - ე.წ. ყვითელი შუქის ნათურა. არ დაგავიწყდეთ მწერებისაგან დამცავი ელექტრო აპარატის გამოყენებაც, რადგან აბეზარ კოღოებსა და მისთანებს შუქი ძალიან უყვართ.

შექმენით კომფორტი

ეს უმთავრესია. აივანი უნდა იყოს ადგილი, სადაც ყავას მაქსიმალურ კომფორტში დალევთ, ამიტომ გირჩევთ, რომ ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ამ დეტალს მიაქციოთ. ეცადეთ, რომ ავეჯი იყოს ძალიან რბილი - ნებისმიერ სკამს შეურჩიეთ ბალიში. შეგიძლიათ კედელთან მართკუთხედი ხის ყუთი მოათავსოთ ზედ ბევრი, ბევრი, ძალიან ბევრი ჩვეულებრივი ბალიში დაყაროთ ლამაზი, ფერადი შალითებით. საღამოსთვის კი ამავე ფერებში შერჩეული პლედი მოიმარჯვეთ. ასეთ “ყუთზე” მეზობელთან ერთადაც მშვენივრად მოთავსდებით, თანაც არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მხოლოდ სურვილი და მოხერხება უნდა.

გამწვანება

და ბოლოს, ბუნებაში გასვლა ყველაზე დიდი განტვირთვაა, თუმცა ამ სიამოვნებისთვის ყოველთვის არ გვრჩება დრო. სწორედ ამიტომ, საკუთარი აივანი უნდა ვაქციოთ ნამდვილ ოაზისად. გაამწვანეთ აივნის ყოველი დეტალი, სადაც კი ამის შესაძლებლობა გექნებათ. მეტი სიმწვანისთვის თავად აივნის რიკუელბზე შეგიძლიათ დეკორაციული სუროც შემოახვიოთ.

თუ აივანი ძალიან პატარაა, შეგიძლიათ პატარა ქოთნები უბრალოდ თოკებით ჩამოკიდოთ და ამით სივრცე მოიგოთ - ამას ვერტიკალურ გამწვანებას ეძახიან. ბევრ ადამიანს “კონტეინერის” მსგავს ქოთნებში ასე ვერტიკალურად მოწყობილ “ბაღებში” მარწყვი, როზმარინი  და პომიდორიც კი მოჰყავს… მათ ხომ დიდი ყურადღება და მოვლა-პატრონობა არ სჭირდება….

eye-icon.svg

47561

chat-icon.svg

0

ავტორი Admin