7.10.2020

5 დანიშნულებაშეცვლილი ისტორიული შენობა თბილისში

blog-article-image-one.jpg

თბილისის ურბანულ განვითარებას თვალს თუ ვადევნებთ, ბევრი რამ გაგვაოცებს, ( ვაღიარებ, უმეტეს შემთხვევაში ეს გაოცება უარყოფითი კონტექსტითაა გამოწვეული). სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ერთ დროს უმნიშვნელოვანესი დაწესებულებების დიდ ნაწილს დღეს არა მხოლოდ ინტერიერი აქვს შეცვლილი, არამედ სრულიად ფუნქციური დატვირთვაც. მე სწორედ ასეთ ხუთ გამორჩეულ შენობაზე მოგიყვებით, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, 180 გრადუსით განიცადეს მეტამორფოზა.

1. სასტუმრო სტამბა

დღეს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ბლოგერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს უმაღლესი კლასის სასტუმრო „სტამბა“, რომელიც აჭარა–ჯგუფის შემადგენლობაშია. 

სასტუმროს სახელი მის პირვანდელ დანიშნულებაზე მოგივთხრობს – ჯერ კიდევ 1930–იან წლებში, საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს, კოსტავას ქუჩაზე წიგნების საბეჭდი სტამბა დაარსდა, რომლის მიზანიც წერა–კითხვის გავრცელება და ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ დასაქამებულთა მეტი წილი ქალებზე მოდიოდა.

არქიტექტურული თვალსაზრისით სტამბა ატრიუმს წარმოადგენდა – შენობის ფასადი გალავანივით ეკვროდა შიდა სივრცესა და სხვადასხვა სართულებს, მის შუაგულში კი ათასობით საბეჭდი დანადგარი მუშაობდა.

დღეისათვის, აქ სასტუმროს ფოიე, კაფე, ამფითეატრი, კაზინო, თანამშრომელთათვის განკუთვნილი უზარმზარი ბიბლიოთეკა  და სხვადასხვა ტიპის ნომრებია განთავსებული.

სარემონტო სამუშაოების დროს აქ აღმოჩენილი არაერთი ძველი საბეჭდი დანადგარი კვლავ სივრცის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მის შემხედვარე „საბჭოთა შვილს“ შესაძლოა, სევდაც მოჰგვაროს. ეს ხომ არის ნაგებობა, რომელიც „ბნელსა და ტკბილ“ წარსულს აწმყოსთან აერთიანებს.

 

2. ჰოსტელი ფაბრიკა

ერთდროს სიცოცხლით სავსე კიდევ ერთ მიტოვებულ შენობას სული კვლავ აჭარა–ჯგუფმა შთაბერა. ამჯერად მათი სამიზნე ტანისამოსის სამკერვალო ფაბრიკა გახდა. ვარაუდობენ, რომ შენობა უშუალოდ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში აიგო, ხოლო წინა ნაწილი საბჭოთა კავშირის პერიოდში დაემატა.

დღეს, ახალგაზრდების თავშეყრის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი თავის დროზე მშრომელ ქალთა გამაერთიანებელ საამქროს წარმოადგენდა. შენობის ექსტერიერსა და ინტერიერში ერთადერთი ცვლილება – ფანჯრების განახლება იყო, რაც შეეხება იატაკს, კუთხეში მდგარ სამკერვალო მანქანებს, 90–იანებისთვის დამახასიათებელ კედლის ფერად ფილებს ამ ყველაფერს პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული.

 

3. სასტუმრო ბილტმორი

თბილისში უმაღლესი კლასის სასტუმრო – „ბილტმორის“ მშენებლობასა და გახსნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა – შენობა თავისი არქიტექტორული სტილით, თბილისური იდენტობიდან სრულიად ამოვარდნილია. ამასთანავე, თავდაპირველად, დაგეგმილი იყო, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორია საგულდაგულოდ „გაესუფთავებინათ“ და საძირკველი ხელახლა ჩაეყარათ.

ამას, საბედნიეროდ, არაერთი ურბანული განაშენიანების კრიტიკოსის ამბოხი და გარემოსდაცივითი თუ არასამთავრობო ორგანიზაციების აქციები მოჰყვა, თუმცა, შედეგი მხოლოდ ის იყო, რომ 1938 წელს აგებული შენობა „იმელი“ (იშიფრება, როგორც Институт Маркса, Енгельса, Ленина“– შემდგომში, მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტი)– გადაურჩა „პირისაგან მიწისა აღგვას“. სანაცვლოდ მას თავზე უზარმაზარი მინის ნაგებობა დააშენეს

რატომ იყო ასეთი დიდი წინააღმდეგობა?

საქმე მხოლოდ გარეგნულ შეუსაბამობასა თუ კულტურულ იდენტობაში როდია.

ინვესტორებმა ქართველი ხალხის გულისწყრომა იმიტომ დაიმსახურეს, რომ  რეალურად, მათ საქართველოს ისტორია მასხრად აიგდეს. სამწუხაროდ, ბევრმა როდი იცის, რომ „ბილთმორის“ ამჟამინდელი ფოიე, სწორედ ის დარბაზია, სადაც საქართველოს დამოუკდიებელი კოსნტუტუციის მიღება გამოცხადდა, სადაც 1992–1995 წლებში საქართველოს პარლამენტი მუშაობდა. ეს სწორედ ის შენობაა, რომელმაც 1997 წელს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. დღეს კი უბრალოდ სივრცეს წარმოადგენს, სადაც ტურისტები საკუთარ ნომრებს ჯავშნიან, წყვილები კი საქორწინო ფოტოსესიებს იწყობენ...

ამ საკითხთან გულგრილად ჩავლა, მე პირადად, არ შემიძლია და ეს ჩემს წერის სტილშიც იგრძნობა. თუმცა ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით და რომლის შეცვლაც, არ შეგვიძლია.

 

4. ავლაბრის არალეგალური სტამბა

რახან პატრიოტულ სიმბეს შევეხეთ, აქვე მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო ადგილზე, რომელიც ძველ თბილისში, კერძოდ ავლაბარში მდებარეობს და ძალიან ცოტას თუ ახსოვს მისი არსებობა.

რუსეთის სოციალ–დემოკრატიულ მუშათა პარტიამ (რსდმპ) 1903 წელს ავლაბარში არალეგალურად, სტამბა დაასრასა, სადაც დამოუკიდებლობის მოპოვების მოსურნე ახალგაზრდები გაწევრიანდნენ – მის უშუალო აშენებაზე სხვა რევოლუციონერ მუშებთან ერთად, ძმები მაღრაძეები და სახლის მეპატრონე, დათიკო როსტომაშვილი მუშაობდნენ.

(ზოგიერთ წყაროს თუ ვენდობით, ამ სტამბის ჩამოყალიბების პროცესს ჯერ კიდევ სტუდენტი, იოსებ ჯუღაშვილი, იგივე, სტალინი– მეთაურობდა, თუმცა, დანამდვილებით ამას ვერავინ იტყვის.)

შენობა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, თბილისური ტიპის სახლია. ნამდვილი თავგადასავალი შენობის სარდაფქვეშ იწყებოდა, ღრმა მიწისქვეშეთში.

1904–1905 წლებში სტამბა არნახული დატვირთვით მუშაობდა და ჰაერში რევოლუციის მტვერს აყენებდა, ქვეყნდებოდა არაერთი პროკლამაცია, მოწოდება, ქვეყანაში ძირეული ცვლილებების შესახებ. სტამბის ადგილასმყოფელი სასტიკად იყო გასაიდუმლოებული, მისი ადგილი თავად სოც–დემოკრატიული პარტიის ლიდერებმაც კი არ იცოდნენ. მიუხედავად ასეთი სიფრთხილისა, მას მაინც მიაკვლიეს– სრულიად შემთხვევით. 1906 წელს ჟანდარმთა ოფიცერმა ერთ–ერთი მასობრივი ჩხრეკის დროს, სახლთან მდებარე ჭაში ცეცხლმოკიდებული ფურცლები ჩაუძახა, ის კი ერთ–ერთმა გვირაბმა „შეისრუტა“, რამაც ჟანდარმი მიახვედრა, რომ ჭის სიღმეში რაღაც იყო. სახლი გადაწვეს, მისი მფლობელი, დატიკო როსტომაშვილი კი გააციმბირეს.

 

დღეს, სტამბას  პირვანდელი სახე მეტ–ნაკლებად, აღდგენილი აქვს და ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი. ასე რომ, თუ ერთ მშვენიერ დღეს, ავლაბრის ქუჩებში ხეტიალისას ამ ძველ სახლს წააწყდებით, აუცილებლად ესტუმრეთ ამ პატარა ისტორიული ამბოხის ბუდეს.

 

5. დარეჯან დედოფლის სასახლე (საჩინო)

დარეჯან დედოფლის ეს ულამაზესი სასახლე ძველ თბილისში, ავლაბარში, ურბნისის ქუჩაზე მდებარეობს. ამ შენობას მართლაც რომ ლაბირინთივით ჩახლართული ისტორია აქვს.

ჯერ კიდევ 1776 წელს ის ერეკლე II–მ თავისი მეუღლის, დარეჯან დედოფლისთვის ააგებინა. მოგვიანებით, მის ტერიტორიაზე დედოფლისავე სურვილით, წმ.დარიას სახელობის ეკლესია ააგეს. მოგვიანებით, ეკლესია ფერისცვალების მონასტრად გადაკეთდა...

ისტორიული მოვლენების პარალელურად, იცვლებოდა ამ მონასტირს ბედიც. მას შემდეგ, რაც დარეჯანი პეტერბურგში გადასახლდა, აქაურობა შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვნა და აქ სასულიერო სემინარია დაარსა.

მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა კომუნისტური რეჟიმის დამყარებისთანავე. მონასტერი გააუქმეს და იქ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა,  „ერთი მსახიობის თეატრი“ დააარსეს.

მოგვიანებით, 1991 წელს, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები კვლავ საპატრიარქოს დაუბრუნდა და დღემდე,  ფერისცვალების დედათა მონასტრად, ივივე  „დარიის მონასტრის“ სახელით ფუნქციონირებს. 

eye-icon.svg

26482

chat-icon.svg

0

ავტორი Admin