5.03.2020
5 ყველაზე გავრცელებული ფობია
მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი დედა ფურცელზე მაწერინებდა ხოლმე, რისი მეშინოდა. მერე ერთად ვკუჭავდით ამ ფურცელს და ნაკუწებად ვაქცევდით. ასე ვამარცხებდი შიშს და როდესაც ერთ დღეს სკოლაში მასწავლებელი ფობიებზე გვესაუბრებოდა, აღმოჩნდა, რომ მე უკვე ყველა შიში ნაკუწებად მქონდა ქცეული და აღარაფრის მეშინოდა. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლექსიკონში 400–ზე მეტი ფობიაა აღწერილი და როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მსოფლიო მასშტაბით ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს ერთი ან რამდენიმე ფობია.
ყველაზე გავრცელებული ფობიების ჩამონათვალი წლიდან წლამდე იცვლება, თუმცა არის რამდენიმე ძირითადი ფობია, რომელიც დროის სვლასთან ერთად არ იცვლება და საზოგადოების დიდი ნაწილის უცვლელი შიშია. ამჯერად წარმოგიდგენთ 2019 წლის 5 ყველაზე გავრცელებულ ფობიას.
5. კინოფობია
ბევრისთვის გასაკვირია, როგორ შეიძლება ადამიანს ძაღლების მიმართ ფობია ჰქონდეს. თუმცა რეალურად კინოფობია ანუ ძაღლების შიში ყველაზე გავრცელებული ფობიების სიაში მე–5 პოზიციას იკავებს. კინოფობების დიდ ნაწილს ძაღლებთან ერთად კატებისაც ეშინია. ძაღლის შიში უფრო მეტ ყოველდღიურ სტრესში აგდებს ადამიანს, ვიდრე ობობის ან გველის. რადგან ძაღლის დანახვა ქუჩაში თუ სკვერში ნებიმიერ დროს არის შესაძლებელი და კინოფობები მუდმივად დაძაბულები არიან. ამ ფობიით შეპყრობილების 75% ქალია. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კინოფობია უმეტესად ბავშვობიდან იწყება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ძაღლების შიში ზრდასრულ ასაკში შეიძინეს.
4. აგორაფობია
აგორაფობია არის ღია სივრცეებისა და ხალხმრავლობის შიში. აშშ–ს სტატისტიკის თანახმად, ყოველი 100 მოქალაქიდან ორს აგორაფობია აწუხებს. აგორაფობებს პანიკურად ეშინიათ დიდი მოედნების, ცარიელი ქუჩების ან ღია მინდვრების. მეორე მხრივ კი ხალხმრავალი ადგილების, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები ან უბრალოდ გადაჭედილი ქუჩები. ამ ფობიის ერთ–ერთი ძირითადი სიმპტომი არის დეპრესია. საბოლოოდ, აგორაფობია შეიძლება გადაიზარდოს ფსიქიკურ პრობლემებში ან პირიქით, ფსიქიქური პრობლემები გახდეს აგორაფობიის გამომწვევი მიზეზი.
3. აკროფობია
ყველაზე გავრცელებულ ფობიებს შორის მესამე ადგილს სიმაღლის შიში – აკროფობია იკავებს. ეს არის სიმაღლის არარაციონალური შიში. აკროფობიით შეპყრობილებს გონიათ, რომ სიმაღლიდან უნდა ჩამოვარდნენ მაშინაც კი, როცა ისინი რეალურად ძალიან მაღლა არ არიან. ამ დროს აკროფობებს შიში და პანიკა იპყრობს, ისინი დაბლა ჩამოსვლის უნარს კარგავენ და გადმოხტომის, ანუ თავის დაღწევის ძლიერი სურვილი უჩნდებათ. ეს კი შეიძლება არასასურველი შედეგით დასრულდეს. თუმცა აღნიშნულ გადმოხტომას არაფერი აქვს საერთო სუიციდის მცდელობასთან.
2. ოფიდიოფობია
ოფიდიოფია გველების შიშია. ეს ფობია სხვადასხვა სიმძაფრით მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედს აწუხებს. გველების შიშს გარკვეული ევოლუციური საფუძველი აქვს. ძველად გველი ნებისმიერ შემთხვევაში მომაკვდინებელ არსებად მიაჩნდათ და მისგან თავის დაღწევას ნებისმიერი საშუალებით ცდილობდნენ. დღეს ყველამ იცის, რომ მხოლოდ შხამიანი გველის ნაკბენია სასიკვდილო, თუმცა ამ არსებების მიმართ შიში მაინც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. ოფიდიოფიას ყველა დროის ფობიას უწოდებენ. ოფიდიოფებს შიშის გამო ხშირად ისეთ სიამოვნებებზეც კი უწევთ უარის თქმა, როგორიცაა ბუნებაში სეირნობა, კემპინგი, კლდეზე ცოცვა...
1. არაქნოფობია
ყველაზე გავრცელებული ფობია ობობისა და ობობის მსგავსი მწერების ან ცხოველების (მაგალითად, კიბორჩხალის) შიშია. ადამიანებს, რომლებსაც ეს ფობია აწუხებთ, არაქნოფობებს უწოდებენ. მათ ობობის დანახვაზე ემართებათ პანიკური შეტევა, ეწყებათ სისუსტე, ზედმეტი ოფლიანობა. ფობიის მიზეზი ხშირად ის არის, რომ ობობების გარკვეული სახეობების ნაკბენი სასიკვდილოა და თვითგადარჩენის ინსტიქტი ადამიანებს შიშს უქმნის. არაქნოფობია, ასევე, შეიძლება, ასოცირებული იყოს კულტურულ შეხედულებებთან. ზოგიერთი კულტურაში, მაგალითად აფრიკაში მიიჩნევენ, რომ ობობები მეტად მავნე და სახიფათო არსებები არიან. არაქნოფობიის დაძლევა შესაძლებელია როგორც რელაქსაციის სხვადასხვა ტექნიკის დასწავლით, მაგალითად, სუნთქვისა და კუნთების კონტროლით, ისე მედიკამენტოზურად, რასაც უმეტესად სიმპტომების შესამცირებელი ეფექტი აქვს. ფობია განსაკუთრებით გავრცელებულია აშშ–ში. არაქნოფობების 30,5% სწორედ აშშ–ში ცხოვრობს.